X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის N179-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა

15 დეკემბერი 2025

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად, თბილისის N179-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს სკოლის მშენებლობის პროცესი.

მინისტრმა პედაგოგებს პირადად მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ სამინისტრო აცნობიერებს პედაგოგებისა და მოსწავლეების არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან სასწავლო პროცესი დროებით სხვა სკოლაში მიმდინარეობს, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი და უსაფრთხო სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნაა და მნიშვნელოვანია პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ჰქონდეთ სწორი მოლოდინები მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ახალი, 1 000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის შენობა დასრულდეს ხარისხიანად და სკოლამ მოსწავლეების მიღება 2027 წლის სასწავლო წლისთვის შეძლოს.

შეხვედრას ესწრებოდა ახალი სკოლის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელიც.